ფილების დაგების ტექნოლოგია
გაეცანით ფილების დაგების სახელმძღვანელო ეტაპებს პროფესიულ დონეზე
ფილების დაგებამდე სივრცე ტექნოლოგიურად კარგად უნდა მომზადდეს, ასევე მკაცრად უნდა იყოს დაცული დაგების თითოეული ეტაპი, რადგან სტანდარტების დარღვევა იწვევს მოსაპირკეთებელი ფილებისა და დიზაინის ელემენტების დაზიანებას და შემდეგ სწრაფ ცვეთას.
პროექტის მომზადება
აუცილებელია შემუშავდეს ტერიტორიის გეგმა და აღწერა, სადაც უნდა განთავსდეს ფილები და სხვა დამატებითი ელემენტები შემდეგი ეტაპების მიხედვით:
- განსაზღვრეთ მოსაპირკეთებელი სივრცის ფართობი
- განსაზღვრეთ სივრცის ზედაპირის მოსალოდნელი დატვირთვა
- შეაფასეთ ზედა დრენაჟის მდგომარეობა (გრძივი და განივი ფერდობები) და სადრენაჟო სისტემების გამოყენების აუცილებლობა
- გამოთვალეთ მოსაპირკეთებელი ფილების, ბორდიურებისა და სხვა ელემენტების საჭირო რაოდენობა მათი ტიპის, ფერისა და პროექტის დიზაინის მიხედვით.
ტერიტორიის მომზადება
მოსაპირკეთებელი ტერიტორიის მონიშვნის შემდეგ, აუცილებელია ნეშომპალას ზედა ფენისა და ნაყოფიერი ნიადაგის მორიდება. არასტაბილური ნიადაგი დამატებით უნდა დატკეპნოთ და შემდეგ მასზე დააგოთ გეოტექსტილები, ხოლო მიწის საფარი კარგად უნდა გაწმინდოთ ხის ფესვებისა და მცენარეების ნარჩენებისგან. ასევე მნიშვნელოვანია სასურველი გამტარიანობის მისაღებად სადრენაჟე სისტემისთვის მომზადდეს ნიადაგის ბაზა. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაზარდოთ ნიადაგის ფენა მსხვილი ფრაქციის დაქუცმაცებული ქვით. თუ მიწისქვეშა წყლის დონე უფრო მაღალია, ვიდრე საფარის დაგების დონე, საჭიროა სადრენაჟო სამუშაოების ჩატარებით ხელოვნურად შეამციროთ წყლის დონე.
ტერიტორიის დაგეგმარება და მარკირება
აუცილებელია ტერიტორიის დაყოფა ცალკეულ უბნებად ჯოხებით ან ლითონის ლურსმნებით, ასევე საჭიროა მოსაპირკეთებელი ფილების ან ბორდიურების ზედა კიდის დონის აღნიშვნა. ზედაპირის დახრილობა განსაზღვრულია საკანალიზაციო კომუნიკაციების მდებარეობის მიხედვით, მაგრამ რეკომენდებულია მისი მოწყობა 1,5-2°-ის ფარგლებში, რაც შეესაბამება ყოველ 1 მეტრში 1,5-2 სმ სიგრძეს. შემდეგ ორმოს ამოსავსებად საჭიროა 10 სმ-მდე ღორღის გამოყენება და ორმოს ფსკერის დატკეპნა სპეციალური ვიბრაციული მანქანის (ვიბრაციული ფირფიტის) გამოყენებით. დასასრულს საჭიროა ორმოს გარშემოწერილობის დაფიქსირება ბორდიურების ან ბეტონის სვეტების დახმარებით, რომელთა შორისაც განლაგდება მოსაპირკეთებელი ფილები. უფრო მეტი სიმყარისთვის ბორდიურები რამდენიმე ადგილას ივსება ბეტონის მასით.
პირველი ფენის მომზადება
პირველი (საყრდენი) ფენისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინვაგამძლე მასალა, მაგალითად, ხრეში ან დამსხვრეული ქვა 5-70 მმ ფრაქციით. საყრდენი ფენის სისქე სატრანსპორტო უბნებისთვის აუცილებლად უნდა განისაზღვროს პროექტის და მოსაპირკეთებელი სივრცის ტიპოლოგიიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს 30-დან 90 სმ-მდე. საყრდენი ფენა უნდა დაიტკეპნოს იმგვარად, რომ საწყისი სისქე შემცირდეს 20%-ით. ეს უზრუნველყოფს სათანადო გამძლეობასა და სიმყარეს.
მოსაპირკეთებელი ფილების დაგება
მოსაპირკეთებელი ფილები იგება უკვე მომზდებულ ზედაპირზე. ეს პროცესი იწყება ტერიტორიის გვერდითი ზედაპირის გასწვრივ, ბორდირების სწორ რიგად დაგების შემდეგ. ფილების დაგების მიმართულება უნდა იყოს კიდეებიდან ცენტრამდე.
ფილების დაგების სიმაღლე უნდა გაკონტროლდეს ზედაპირის ზემოდან გაჭიმული ასაზომი ძაფით, რათა ტერიტორიაზე ფილები ერთგვაროვანი სიმაღლით განაწილდეს. ფილებს შორის სივრცე უნდა ამოივსოს მხოლოდ ქვიშით, საჭიროა მათ შორის დაგებისას დარჩეს 3-5 მმ, ხოლო 8 მმ – თუ სივრცე ფიქსირდება ქვიშა – ცემენტის ნარევით. დაუშვებელია ფილების დაგება ერთმანეთს შორის სივრცის დატოვების გარეშე, რადგან ტემპერატურული და გარე ძალების გავლენით შესაძლოა, კიდეები დაზიანდეს. თუ ტერიტორია განკუთვნილია ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, ფილები უნდა დაიგოს მოძრაობის მიმართულების კუთხით, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბრად განაწილებას თითოეულ ფილაზე, ამცირებს ბორბლების ხმაურს და ხელს უშლის დაგებული ფილების მოძრაობასა და გვერდითი ზედაპირების ხახუნს.
მიზანშეწონილია სივრცე მოპირკეთდეს რამდენიმე შეკვრიდან ერთდროულად ამოღებული ფილების შერევით, რადგან წარმოების ტექნოლოგიის თავისებურებებიდან გამომდინარე შეიძლება სხვაობა იყოს სხვადასხვა პალეტზე არსებული ფილების ტონში. ამიტომ ფერთა თანაბარი გადანაწილების გამო უმჯობესია ფილების შერევა მოხდეს ერთდროულად მინიმუმ 3 პალეტიდან. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დაგების დროს ფილას არ უნდა ჩამოეჭრას ნახევარზე მეტი.
ზედაპირის დატკეპნა
მოწყობილი საფარის ზედაპირი რეკომენდირებულია დაიტკეპნოს რეზინის ჩაქუჩით. მოსაპირკეთებელი ფილებისთვის დასაშვებია ვიბრაციული ფირფიტის გამოყენება, რომელსაც ძირზე მიმაგრებული ექნება რეზინის ფირფიტა, არაუმეტეს 1 სმ სისქის. მისი წონა 200 კგ-მდეა, ხოლო ზემოქმედების ძალით არაუმეტეს 20 კნ.
ტერიტორიის დატკეპნა ხორციელდება კიდეებიდან ცენტრამდე თანაბრად, სანამ არ მიიღება ზედაპირის საჭირო სიმაღლე და ბეტონის ფილები არ მიაღწევს სიმჭიდროვის საჭირო ნიშნულს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ფილებს შორის არსებული სივრცის განმეორებით შევსება ქვიშით.