როგორ მოვიქცეთ, რომ ყინვამ და თოვლმა ეზოს ფილა არ დააზიანოს?

სარჩევი

ზამთრისთვის დამახასიათებელი ამინდის მკაცრი პირობების გამო, ხშირად ჰგონიათ, რომ წლის ამ პერიოდში ეზოს ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რათა  ახლად დაგებულ ფილებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს, თუმცა, რეალურად ეს ასე არ არის. მეტიც, ბეტონისგან დამზადებული თანამედროვე ეზოს ფილა პირველ რიგში სწორედ გამძლეობითა და ნებისმიერი კლიმატური პირობების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ იგი თავისუფლად გაუძლებს თოვლსა და ყინვას. 

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები სხვა სეზონების მსგავსად, რა თქმა უნდა, ზამთარშიც საჭიროებს სპეციფიკურ, მაგრამ მინიმალურ მოვლას – საუბარია არა განსაკუთრებულ მიდგომაზე, არამედ სტანდარტულ რჩევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებსაც წინამდებარე ბლოგში,  ლეგის მცირე სახელმძღვანელოს სახით, თავს ერთად მოვუყრით.

ეზოს მოსაპირკეთებელი ფილების მოვლა – სასარგებლო რჩევები

ფილების დაგება ეზოში საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  მთელ რიგ გასათვალისწინებელ ფაქტორებს მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია – შერჩევის პროცესი, როცა პოტენციურმა კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს და აწონ-დაწონოს თითოეული ფილის დადებითი და უარყოფითი მხარე. ასეთ დროს, როცა საქმე ბეტონისგან დამზადებულ ეზოს ფილას ეხება,  მის მთავარ უპირატესობად ხშირად მოვლის მარტივ პირობებსაც ასახელებენ. თუმცა, ლეგიში მოსულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველთვის ვუხსნით ერთ მთავარ წესს:  იმისათვის, რომ დღეს დაგებული ფილები ეზოსთვის წლების შემდეგაც ანალოგიურად გამოიყურებოდეს, გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. 

პირველ რიგში, ფილების სისუფთავისა და ხარისხის შესანარჩუნებლად რეგულარული მოვლა წლის ნებისმიერ პერიოდში მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს როგორც ჭუჭყის, ნამწვისა და ფოთლების მოცილებას, ისე დროდადრო ხავსისა და ლაქების გაწმენდას. აქვე გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი ტიპის ლაქა, როგორიცაა მაგალითად ზეთისა და საბურავის კვალი, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, ზედმეტად აგრესიულმა წმენდამ ან არასწორად გამოყენებულმა სარეცხმა საშუალებებმა შეიძლება ფილების ზედაპირი დააზიანოს. ამიტომ, ვიდრე ზამთარში ფილების მოვლის სპეციფიკურ დეტალებზე ვისაუბრებთ, ზოგად რეკომენდაციებს შეგახსენებთ:

როგორ მოვიქცეთ, რომ ყინვამ და თოვლმა ეზოს ფილა არ დააზიანოს?
როგორ მოვიქცეთ, რომ ყინვამ და თოვლმა ეზოს ფილა არ დააზიანოს?
  • რეგულარული წმენდა – დროთა განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყის, მტვრის, ფოთლებისა და სხვა ნარჩენების მოსაშორებლად. 
  • ცხელი წყლისა და სარეცხი საშუალების გამოყენება  – არ არის საჭირო ძლიერი ქიმიკატების შეძენა, როგორც წესი, წმენდისას ყველაზე მიზანშეწონილი ცხელი წყლისა და სარეცხი საშუალების გამოყენებაა.  
  • ხავსისა და წყალმცენარეების მოშორება –  არ არის გამორიცხული, რომ ტენიან ადგილებში  გაჩნდეს ხავსი ან ლექი. ასეთ დროს ცხელი წყალი,  სარეცხი ფხვნილი და ხისტი ჯაგრისი იდეალური გამოსავალია.
  • სარეველების კონტროლი –  ფილებს შორის გაჩენილმა სარეველამ შესაძლოა საფარი დროთა განმავლობაში დააზიანოს. ამიტომაც, დიდი სარეველებიი ამოიღეთ ხელით და შემდეგ ტერიტორიაც საფუძვლიანად დაამუშავეთ. 
  • ჟანგისა და სხვა ლაქების მოცილება – ჟანგის ლაქების მოსაშორებლად ეფექტურია ლიმონის წვენის ან ძმრის გამოყენება. თუმცა, ზედმეტმა გახეხვამ შეიძლება საფარის დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ამ პროცესს უმჯობესია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. 

  • კერხერის გამოყენება – ფილების მოვლის პროცესში კერხერის გამოყენება დღეს საკმაოდ გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, იმის მიხედვით რამდენად სწორად გამოიყენებთ მას, თქვენი ფილების პირვანდელი იერსახე უფრო დიდხანს შენარჩუნდება,   ან პირიქით – გამოუსწორებლად დაზიანდება. ამისთვის, მნიშვნელოვანია, არეგულიროთ კერხერის სიმძლავრე.

ის, რაც ზამთარში უნდა გაითვალისწინოთ

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ,  ზამთარში ფილების მოვლა განსაკუთრებულ მიდგომას არ ითვალისწინებს, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილ ამ ზოგად რეკომენდაციებს მაინც ემატება ერთი მარტივი რჩევა, რომელიც ნებისმიერ შემთვევაში ამართლებს – იგულისხმება ყინულის საწინააღმდეგო მარილების აქტიურად გამოყენება.  

მიუხედავად იმისა, რომ ფილები ეზოსთვის ზოგადად ყინვაგამძლეობით გამოირჩევა, სწორი და სისტემატური მოვლა მათ სიცოცხლეს კიდევ უფრო მეტად, რამდენიმე წლით უხანგრძლივებს. სწორედ ამიტომ იყენებენ ხოლმე თეთრი კლდის მარილს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტია და  რომელიც კარგად უმკლავდება ყინულს და საფუძვლიანად წმენდს ეზოებსა თუ ბილიკებს. 

ზამთარში ფილების მოვლის კიდევ ერთი მთავარი რეკომენდაცია  თოვლის რეგულარული გადაწმენდაა, თუმცა, არა რკინის ან ლითონის ხელსაწყოთი, რადგან მან შეიძლება დააზიანოს ფილის ზედაპირი, გადაფხიკოს პიგმენტი ან დაკაწროს დამცავი ფენა. 

მარტივი წესები მაქსიმალური შედეგისთვის

ფაქტია, რომ ზამთრის პერიოდში ბეტონის ფილების მოვლა არც რთულია და არც ზედმეტ დროს მოითხოვს. ზოგად რეკომენდაციებთან ერთად, საკმარისია მხოლოდ  რამდენიმე ისეთი მარტივი წესის დაცვა, როგორიცაა თოვლის დროული გადაწმენდა და სწორად შერჩეული მარილის გამოყენება. ზოგადად კი მნიშვნელოვანია, რომ ფილების მოვლის პროცესს ნებისმიერ სეზონზე ყურადღებითა და სიფრთხილით მიუდგეთ – ასეთი მუდმივი მონიტორინგით მაქსიმალურად შეამცირებთ მათი დაზიანების რისკებს და ეზოს ინფრასტრუქტურასაც მიმზიდველ იერსახეს წლების განმავლობაში შეუნარჩუნებთ.

როგორ მოვიქცეთ, რომ ყინვამ და თოვლმა ეზოს ფილა არ დააზიანოს?