სარჩევი
ეზოს ფილების დაგება – ფასი, ტექნიკა, სასარგებლო რჩევები – ყველა მნიშნველოვანი დეტალი, რომელიც ამ თემის ირგვლივ უნდა იცოდეთ.
თუ თქვენი საცხოვრებელი სახლის, ოფისის ან სხვა ნებისმიერი სივრცისთვის გარე ფასადის მოპირკეთება გსურთ – ფილების დაგება ეზოში იდეალური გადაწყვეტილებაა ექსტერიერის გასაუმჯობესებლად. კარგად დაპროექტებული და ესთეტიკურად სასიამოვნო ეზო – გარდა იმისა, რომ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, ასევე ზრდის კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულებას. თუმცა, გამძლეობის უზრუნველსაყოფად და პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშნველოვანია, შემდეგი ნაბიჯების გათვალისწინება.


ფილების მრავალფეროვანი არჩევანი – ის, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაითვალისწინოთ
დღეს არსებულ ბაზარზე ეზოში დასაგები ფილები საკმაოდ მრავალფეროვანი სახეცვლილებებით გვხვდება. პირველი მახასიათებელი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს – სისქეა. ჩვეულებრივ საფეხმავლო ზონებში 4 სანტიმეტრიანი სისქის ფილები გამოიყენება, თუმცა, როცა გათვლა მსუბუქ ტრანსპორტზეა, როგორც წესი, 6 სანტიმეტრიან ფილებს ირჩევენ, რაც არ გამოდგება მძიმე დატვირთვის შემთხვევაში, სადაც უფრო სქელი, 8სმ-იანი ფილებია საჭირო. არსებობს ასევე 10სმ-იანი სისქის ფილები, რომლებიც ძირითადად სამრეწველო და მაღალი დატვირთულობის ზონებისთვის გამოიყენება.
მეორე განმასხვავებელი ფაქტორი ფერი და პიგმენტია. ზოგადად, სტანდარტულ ფერებად ნაცრისფერი, წითელი და ყავისფერი მიიჩნევა, თუმცა, არსებობს ლურჯი, მწვანე და მუქი შავი ვარიანტებიც.
გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე უნდა განსაზღვროთ ფილების ზომა და ფორმა, რადგან ხშირად სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი ექსტერიერის სტილს. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც თქვენს მოთხოვნებზე, საჭიროებებსა და გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ის, რაც ფილების დაგებისას უნდა გაითვალისწინოთ
მას შემდეგ რაც ეზოში დასაგები ფილები უკვე შერჩეული და მომარაგებულია, იწყება ყველაზე მთავარი – მათი დაგების პროცესი, რომელიც სტარტს იღებს მაშინ, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სხვა სარემონტო სამუშაო უკვე დასრულებულია – ეს იმიტომ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ფილის ზედაპირიდან ამოიყვანოთ მასზე მოხვედრილი ცემენტის ან საღებავის ლაქა.
ეზოს მოპირკეთებისას საკმაოდ გავრცელებული აზრია ისიც, რომ უკეთესი ვიზუალისთვის, უმჯობესია თქვენ მიერ შერჩეული ფილები ეზოსთვის 3 სხვადასხვა პალეტიდან ამოიღოთ და ისე შეურიოთ ერთმანეთს, რათა მიიღოთ მუქი და ღია შეფერილობების თანაბარი გადანაწილება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ფილების სისქე თქვენი ეზოს სხვადასხვა ზონის მიხედვით, მაგალითად, ბილიკისა და საფეხმავლო სივრცისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 4 სანტიმეტრიანი ფილა, რომელიც იდეალური გამოსავალია ისეთი ადგილებისთვის, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ავტოფარეხისა და პარკირების სივრცისთვის კი უფრო სქელი, 6 სანტიმეტრიანი ფილა დაგჭირდებათ, რომელიც უპრობლემოდ უძლებს მანქანის დატვირთვას. მსგავსი მიდგომა ფინანსებსაც საკმაოდ დაგაზოგინებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა დამგებ ჯგუფსა თუ ინდივიდუალურ ხელოსანს საკუთარი მიდგომა აქვს. ამ საკითხში ინფორმირებულობა კი დაგეხმარებათ, რომ პროცესი უფრო სრულფასოვნად გააკონტროლოთ.
ეზოს ფილების დაგება – ფასი, რომლის გადახდაც შეიძლება მოგიწიოთ წელს ეზოს მოსაპირკეთებლად
ნებისმიერი სარემონტო სამუშაო გაუთვალისწინებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული და იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სიურპრიზები და შეუფერხებლად დაასრულოთ დაწყებული საქმე, მნიშვნელოვანია, წინასწარ ჩამოწეროთ თქვენი პრიორიტეტები და უკვე ამის შემდეგ განსაზღვროთ კონკრეტული ბიუჯეტი. ფასები დამოკიდებულია იმაზე – თუ რა მასალას მიანიჭებთ უპირატესობას, ეკონომიურობა იქნება თქვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი, თუ გამძლეობა ან სილამაზე, ან იქნებ სამივე ერთად.
მაგალითისთვის, ფილების ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სისქის ფილა გესაჭიროებათ. ზოგადად, სქელი ფილები მეტ ნედლეულს მოითხოვს, რაც წარმოების ხარჯებსაც ზრდის, აქედან გამომდინარე, ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი 4სმ-იანი სისქის ფილებია, საშუალო ფასი აქვს 6სმ-იან ფილებს, ხოლო შედარებით ძვირადღირებულია 8 და 10 სანტიმეტრიანი სისქის ფილები.
ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფილების ფერიც – რაც უფრო რთულია ზოგიერთი პიგმენტის წარმოება, მეტად მაღალია ფასი. ამ შემთხვევაში შედარებით მცირე დანახარჯებისთვის არჩევანი სტანდარტულ ფერებზე (ნაცრისფერი, წითელი, ყავისფერი) შეგიძლიათ შეაჩეროთ. პიგმენტების მაღალი ფასის გამო, უფრო ძვირია პრემიუმ ფერები (ლურჯი, მწვანე, მუქი შავი).
საგულისხმოა ისიც, რომ ფილები შესაძლოა დამზადდეს ერთი, ორი ან მეტი პიგმენტის კომბინაციით, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად ზრდის. გაითვალისწინეთ, რომ ერთი შეფერილობის ფილებს ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ხოლო ე.წ. ქოლორ მიქსს ფილები, რომლებიც დამატებით პროცესებს საჭიროებს – პრემიუმ კატეგორიას განეკუთვნება და ფასიც შესაბამისი აქვს.
ფილების ფასს განსაზღვრავს შერჩეული ცემენტის ტიპიც – ნაცრისფერი იქნება ის თუ თეთრი. პირველი სტანდარტული და ბიუჯეტური ვარიანტია, ხოლო მეორე – შედარებით ძვირი, რადგან თეთრი ცემენტი აუმჯობესებს ფერის ვიზუალს და აძლევს მას მეტად მკვეთრ შეფერილობას.
მას შემდეგ რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ვარიანტს განიხილავთ, იქვე უნდა გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, შეარჩიოთ ფილები დახრით თუ დახრის გარეშე. საუბარია, ფილების კიდეებზე არსებულ სპეციალურ დახრილობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია წარმოების სირთულესთან და შესაბამისად ფასთან. ნაზოლით (დახრით) ფილის წარმოება ბევრად უფრო მარტივი და ბიუჯეტურია, რასაც ვერ ვიტყვით ფილებზე დახრის გარეშე, რომლებიც ზუსტ დამუშავებას მოითხოვს.
ფასის კიდევ ერთი განსმაზღვრელი ფაქტორი – ფილების ზომა და ფორმაა. გახსოვდეთ, რომ დიდი ზომის ფილები ბევრად ძვირია, მათი წარმოების ხარჯებისა და სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, ხოლო უფრო ეკონომიური გამოსავალისთვის არჩევანი პატარა ზომის ფილებზე უნდა შეაჩეროთ.
სავარაუდოდ, ხარჯებს გაგიზრდით ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოებიც, როგორიცაა ეზოს გასუფთავება, ზედაპირის ამოთხრა, გასწორება და დატკეპნა. არ დაგავიწყდეთ, რომ ფასს ზრდის მძიმე ფილების ტრანსპორტირება, დაგების მომსახურება და პროფესიონალური მონტაჟი. ასევე სასურველი იქნება, თუ თქვენი ბიუჯეტის 10-20%-ს გაუთვალისწინებელი გადასახადებისთვის გამოყოფთ, რათა ნებისმიერ შემთხვევას, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, კარგად მომზადებული შეხვდეთ.
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ფილებით მოპირკეთებულმა ეზომ დროს გაუძლოს – რჩევები და რეკომენდაციები
თქვენ მიერ გაღებული დრო, ფინანსები და ძალისხმევა – რა თქმა უნდა, გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა, ფაქტია ისიც, რომ ერთ დროს მიღებული სასურველი შედეგი წლებთან ერთად აუცილებლად გაცვდება. ხოლო იმისთვის, რომ პოტენციური დაზიანებები შეძლებისდაგვარად გადაავადოთ, თქვენ მიერ დაგებული ფილები ეზოსთვის მუდამ ახალივით გამოიყურებოდეს და რისკებიც მინიმუმამდე შეამციროთ, პირველ რიგში, აუცილებელია, ფილების რეგულარული წმენდა, რათა სისტემატურად მოაშოროთ ჭუჭყი, ფოთლები და ნარჩენები. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ ცხელი წყალი, სარეცხი საშუალება და ხისტი ჯაგრისი. დაიმახსოვრეთ, რომ ღია ფერის მოსაპირკეთებელი ფილები მეტ მოვლას მოითხოვს, რადგან მათ ადვილად ეტყობა საბურავების კვალი.
განსხვავებულია ფილების მოვლის სპეციფიკა ზამთარში -ეზოებისა და ბილიკების ყინულისგან გასაწმენდად, როგორც წესი, გამოიყენება ყინულის საწინააღმდეგო მარილები, რომლებიც ეფექტურად ადნობს მას. აქვე გაითვალისწინეთ, რომ თეთრმა კლდის მარილმა, ყინულის გალღობის შემდეგ, შესაძლოა დატოვოს თეთრი მარილის ლაქა, რომელსაც წვიმა უპრობლემოდ გადარეცხავს.
დაბოლოს, ნუ დაელოდებით როდის გადაიქცევა მცირე პრობლემა გამოუსწორებელ ზიანად. გაბზარული ფილა რაც შეიძლება დროულად შეცვალეთ, რათა თავი დაიზღვიოთ დანარჩენების დაზიანებისა და დეფორმაციისგან.
უფრო მეტი რჩევისა და რეკომენდაციისთვის, ლეგი გთავაზობთ სრულყოფილ გზამკვლევს, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ფილების მოვლის შესახებ უნდა იცოდეთ.
გააზრებული არჩევანი – როცა უკვე ყველა დეტალი იცით
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფილების დაგება ეზოში საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც დეტალებზე ორიენტირებულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. გამძლე და ვიზუალურად ესთეტიკური შედეგის მისაღებად – ამ ერთიანი ჯაჭვის თითოეული რგოლი გადამწყვეტ როლს თამაშობს, იქნება ეს შესაფერისი მასალების შერჩევა, ნიადაგისთვის ბაზის სათანადო მომზადება თუ უშუალოდ ფილების დაგების სწორი ტექნიკის ცოდნა.
საკუთარი პრიორიტეტებისა და საჭიროებების წინასწარ განსაზღვრა კი გაძლევთ საშუალებას, ფინანსური რესურსები ეფექტურად გადაანაწილოთ და შექმნათ სივრცე, რომელიც თავდაუზოგავი ზრუნვით წლებს გაუძლებს.