უკრაინელი ინვესტორის მიერ საქართველოში დაფუძნებული საწარმო „ლეგი“ფართოვდება: „ლეონიდ ეზიკი მთელს გულს დებს, რომ დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკას“

უკრაინული ინვესტიციით დაფუძნებული ბეტონის ნაკეთობების საწარმო „ლეგი“ ფართოვდება. კომპანია მალე ახალ საწარმოს გახნის, გარდა ამისა, არსებულ პროდუქციას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. „ლეგის“ მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა, სერგო ლექვინაძემ ისაუბრა.

რას აწარმოებს კომპანია ლეგი? 

კომპანია „ლეგი“ წარმოადგენს ბეტონის ნაკეთობების საწარმოს. ამ ეტაპზე, ვფლობთ 2 ქარხანას საქართველოში. ერთი მათგანი 2011 წელს შეიქმნა ქობულეთის რაიონში, ხოლო მეორე – მესამე წელია უკვე ქალაქ თბილისში ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ მალე მესამე ქარხანას ვამატებთ ქუთაისშიც. ჩვენ ვაწარმოებთ ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებს, ასევე სამშენებლო ბლოკის ყველა სახეობას, მათ შორის არის: ბეტონის, პემზის, პერლიტის ბლოკი. ფაქტობრივად, ვაწარმოებთ ყველა იმ პროდუქციას, რაც დღესდღეობით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან.

დასაქმებული გვყავს 200-მდე ადამიანი. მათ შორის, 150 ადამიანია ქობულეთში დასაქმებული, 50-ზე მეტი კი – თბილისის ახალ საწარმოში. აღსანიშნავია, რომ თბილისის საწარმო მთლიანად არის ავტომატიზებული, ამიტომ, აქ ნაკლები დასაქმებული გვყავს, თუმცა, წარმადობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში – მას ძალიან დიდი მასშტაბები აქვს წარმადობის. მაგალითად, თბილისის საწარმოს აქვს შესაძლებლობა დღეში 5000 კვადრატული ფილა აწარმოოს, ამიტომ, ეს სტანდარტები არის ძალიან მაღალი და ხარისხობრივადაც მაღალი დონეა. გარდა ამისა, ეს არის სრულიად ქართული პროდუქტი იმიტომ, რომ მასალები მთლიანად ყველაფერი, არის ქართული.

რომელი ობიექტებია თქვენი პროდუქციით მოპირკეთებული?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ პირველად, ბეტონის ფილები დაახლოებით 1855-75 წლებში, ევროპაში გამოჩნდა. 2011 წლიდან ჩვენც გავიზიარეთ ევროპული ღირებულებები და საქართველოში ვქმნით უმაღლესი ხარისხის ბეტონის ექსტერიერის ფილებს. ჩვენი პირველი ობიექტი, რაც გაკეთდა ეს იყო ბათუმის ძველი ბულვარი და დღესაც, 2022 წელსაც, ჩვენი ფილა ისევ ისეთივე ფორმის, ისეთივე ხარისხის, ისეთივე ფერის არის ამ ბულვარში. ამის გარდა, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განხორციელებული ქობულეთში. მთელი სანაპირო, ფაქტობრივად, ჩვენი ქვაფენილით არის მოპირკეთებული, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს სამეგრელოში, ბევრ პროექტს ვახორციელებთ ქუთაისშიც და ბოლო 2 წელია, მასშტაბური პროექტები ხორციელდება აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის 200-ზე მეტი პარკი გაკეთდა მარტო თბილისში. ამჟამად, ერთდროულად მიმდინარეობს პროექტები სამგორის რაიონში, ისნის რაიონში, ვაკეში, გლდანში. ასევე ჩვენ უკვე ვართ წარმოდგენილები: ყაზბეგში, დუშეთში, მცხეთაში, გორში. ვიწყებთ ძალიან დიდ პროექტებს კახეთში. ასე რომ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მთელ საქართველოს მოიცავს.

სხვათა შორის, ჩვენი მოპირკეთებული უმსხვილესი პროექტებია ასევე: ბათუმის პორტი, ფოთის პორტი, საქართველო-სომხეთის საზღვარი – დიდი ტერმინალი.

თუ გაქვთ ისეთი ობიექტები მოპირკეთებული, რომლებსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ფილის არჩევანმა გაამართლა?

როცა ფილას ვახსენებთ ხოლმე, საზოგადოებაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ფილა არის განკუთვნილი აუცილებლად ტროტუარისთვის და სხვა შემთხვევაში, მისი გამოყენება გამოიწვევს ცუდ ფაქტორებს. ასეთი ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის და ჩვენც ძალიან ბევრჯერ შეგვხვდა ეს ფაქტორები. თუმცა, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვაწარმოებთ ფილას ტროტუარისათვის, ასევე ვამზადებთ ფილებს პარკებისათვის, საავტომობილო გზებისთვის და დიდი ინდუსტრიული ობიექტებისთვის. მაგალითისთვის, მე მინდა მოგიყვანოთ 3 წლის წინანდელი პროექტი, ფოთის და ბათუმის ტერმინალები. იქ ტერიტორია თავიდან მოპირკეთებული იყო ბეტონის ფილებით, შემდეგ ასფალტის საფარით, თუმცა, დრომ აჩვენა, რომ არც ერთმა და არც მეორემ არ გაამართლა იმის გამო, რომ იქ დაახლოებით 75 ტონის არის ყველაზე მსუბუქი ავტომობილი, რომელიც დადის ამ პორტებში. ამიტომ, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ფილა და დავაგეთ ამ პორტებში. დღეს უკვე ექსპლოატაციის მესამე წელია და 1 ფილაც კი არ არის დაზიანებული. ანუ, ბეტონის და ასფალტის საფარმა რასაც ვერ გაუძლო, გაუძლო ჩვენმა ფილამ.

რა უპირატესობები აქვს “ლეგის”წარმოებულ პროდუქციას სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციასთან შედარებით? 

პირველი – მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ყველა ინერტულ მასალას, რომლისგანაც მზადდება ფილა, ვიღებთ საქართველოში და ეს ყველაფერი არის ქართული. მეორე – ყველა მასალა, რისგანაც მზადდება ჩვენი ფილა, მოწმდება ჩვენს ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია იტალიური დაზგა – დანადგარებით და იქ ხდება ამ ინერტული მასალების შემოწმება და დადებითი დასკვნის შემდგომ, ხდება მათი წარმოებაში ჩაშვება. ამავდროულად, ყველა გამოშვებული პროდუქციაც ანალოგიურად მოწმდება ლაბორატორიაში: მდგრადობაზე, წყალთმედეგობაზე, ყინვაგამძლეობაზე. ამიტომ, ნულამდეა იმის რისკი, რომ უხარისხო პროდუქცია გავიდეს ჩვენი ქარხნის გარეთ. ხარისხი არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას, ის ჯერჯერობით, ხდება საქართველოში, თუმცა გვაქვს საექსპორტო გეგმებიც. ვაპირებთ, გავიდეთ სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე.

თუ გაქვთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული პროდუქციაც?

სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი ის კომპანია ვართ, რომელიც აწარმოებს პროდუქციას შშმ პირებისთვის, მათ გადასაადგილებლად საჭირო ფილას, რაც აუცილებელია მათი ადაპტაციისთვის. ჩვენ გვაქვს 2 სახეობის სპეციალიზებული ფილა, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებას ემსახურება.

სიახლეების დანერგვაზე თუ მუშაობს კომპანია და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

პირველი იქნება ის, რომ მესამე ქარხანა შემოგვემატება მალე, 1 წლის ვადაში და ის განთავსდება ქუთაისის შესასვლელში. ხორციელდება 15 მლნ ევროს უკრაინული ინვესტიცია. სხვათა შორის, კომპანიის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი არის უკრაინის მოქალაქე ბატონი ლეონიდ ეზიკი, რომელიც მთელ გულს დებს იმაში, რომ დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკას, ამავდროულად შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. უკვე არსებულ კადრებს, კიდევ 50 დასაქმებულს დავამატებთ ქუთაისში. რამდენიმე უკრაინელი თანამშრომელიც გვყავს. ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი კომპანიის მენეჯმენტმა უზრუნველყო, რომ მათი ოჯახებიც ჩამოეყვანა საქართველოში და ისინი თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად უკვე არიან საქართველოში, მუშაობენ ჩვენთან, ასწავლიან ჩვენს ქართველ კოლეგებს იმ სპეციფიკას, რაც დაკავშირებულია ჩვენს წარმოებასთან და ეს ადაპტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, 2 თვის განმავლობაში, ჩვენ დავამატებთ უკვე ახალ პროდუქციას, ეს იქნება ძალიან ლამაზი ფასადური ბლოკები, ასევე კიბის საფეხურები, კიბის საყრდენები, ღობის სახურავები – რომელსაც, დღესდღეობით რამდენიმე კომპანია აწარმოებს, მაგრამ ფერების არჩევანი არ არის. ჩვენ კი გვექნება მრავალი ფერი, „ლეგიში“ ყველა ფერია, ამიტომ, ბაზარზე ამ კუთხით ვიქნებით მოწინავენი.

ამავდროულად, საქართველოს ისტორიულ ქალაქებში, რომლებიც მოპირკეთებულია ქვის ფილებით, ჩვენ გვინდა, რომ ამ მიმართულებითაც განვავითაროთ ჩვენი წარმოება და 3 თვის განმავლობაში, გამოვუშვებთ მრავალფეროვან ე.წ ბრუჩალკის ქვებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 1 თვეა დავამატეთ მომსახურების ახალი მიმართულება – ეს არის დიზაინის მიმართულება. მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, გვანახვოს მისი ეზო და ჩვენ შეგვიძლია ერთ სერვისში მთლიანად უზრუნველვყოთ მისთვის დიზაინის მომზადება, ხარჯთაღრიცხვა, ტრანსპორტირება გავუკეთოთ შერჩეულ ფილას და ამავდროულად, დაგების ორგანიზებაც გავაკეთოთ. მოკლედ, მომხმარებლებმა ყველა სერვისი შესაძლებელია მიიღონ ჩვენს კომპანიაში, რომელიც დაკავშირებულია მათი გარემოს გალამაზებასთან.