სარჩევი
მშენებლობის პროცესში ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ როგორ იცვლება სამშენებლო მასალების, კერძოდ კი ეზოს ფილების ფასი წლის სხვადასხვა პერიოდში. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საკუთარი გარე სივრცის კეთილმოწყობას ან სხვა სამშენებლო პროექტებს გეგმავს და ეზოს ფილების საყიდლად ოპტიმალური დროის შერჩევა სურს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ზამთარში სამშენებლო მასალები, მათ შორის ეზოს ფილები, მოთხოვნის შემცირების გამო იაფდება. ასევე ხშირად ამბობენ იმასაც, რომ ზაფხულში, აქტიური სამშენებლო სეზონის დროს, ფასები იზრდება, თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ქართულ რეალობას?
ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ფასების ცვლილებას, როგორ მუშაობს ბაზარი სხვადასხვა სეზონზე და რა უნდა გაითვალისწინოთ ეზოს ფილების ყიდვისას. აქვე ვეცდებით პასუხი გავცეთ მთავარ და ყველაზე აქტუალურ შეკითხვას: იცვლება თუ არა ეზოს ფილების ფასი სეზონების მიხედვით?
მითი თუ რეალობა?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ეზოს ფილები ფასის ცვლილების მხრივ სეზონურობაზე დამოკიდებული არ არის. ქართული კომპანიების უმრავლესობა და მათ შორის ,,ლეგი’’, პროდუქციას არ აძვირებს მხოლოდ იმის გამო, რომ ზამთარია ან ზაფხული.
როგორც წესი, ამა თუ იმ მასალის ღირებულება შეიძლება წლის დასაწყისში შეიცვალოს, მაშინ, როცა კომპანიები გადახედავენ თავიანთ ფასებს წინა წლის ეკონომიკური მაჩვენებლების, ინფლაციისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ეს კი ცალსახად არ არის დაკავშირებული სეზონურობასთან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა, ეზოს ფილების წარმოება მთელი წლის განმავლობაში დაუბრკოლებლად მიმდინარეობდეს.
სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით (მაგალითად, ინგლისი, გერმანია), ჩვენს ქვეყანაში არ არის იმდენად მკაცრი კლიმატური პირობები, რომ წარმოება ზამთარში მთლიანად გაჩერდეს. მართალია, არც ის არის გამორიცხული, რომ პროცესი 1-2 დღით შეფერხდეს, მაგრამ ეს გარემოება სამშენებლო სამუშაოების მხრივ პრობლემებს არ წარმოადგენს და მით უფრო არ აძვირებს პროდუქციას.


რატომ შეიძლება შეიცვალოს ეზოს ფილების ფასი?
თუ არა სეზონურობა, მაშინ რა ახდენს გავლენას ეზოს ფილების ფასზე? ამ შეკითხვას რამდენიმე საკვანძო პასუხი აქვს:
ნედლეულის ღირებულება
ეზოს ფილების წარმოებისთვის საჭირო ძირითადი კომპონენტების – ცემენტის, ქვიშის, ღორღისა და პიგმენტების ფასები პირდაპირ აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე. თუ მომწოდებლები აძვირებენ ნედლეულს, ეს აუცილებლად ზრდის ეზოს ფილების ფასსაც.
მაგალითად, ცემენტის ფასი, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, შეიძლება შეიცვალოს როგორც საერთაშორისო ბაზრის მერყეობის, ასევე ლოკალური მიზეზების გამო. შესაბამისად, ცხადია, რომ მსგავსი ცვლილებები არა რომელიმე კონკრეტულ სეზონთან, არამედ უფრო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებთან არის კავშირში.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პიგმენტები, რომლებიც ეზოს ფერადი ფილების დასამზადებლად გამოიყენება, ხშირად იმპორტირებულია და მათი ფასი სავალუტო კურსზე, საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებსა და ტრანსპორტირების ხარჯებზეა დამოკიდებული.
წარმოების ხარჯები
ეზოს ფილების თვითღირებულების განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი კომპონენტებიც, როგორიცაა: კომუნალური გადასახადები, თანამშრომელთა ხელფასები და ელექტროენერგიის ღირებულება. თუ ეს ხარჯები იზრდება, ის აუცილებლად აისახება საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზეც. ფასების გადახედვის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს შრომითი რეგულაციების ცვლილება.
ტრანსპორტირება
ტრანსპორტირების საკითხი ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ეზოს ფილების საბოლოო ღირებულებას. ეს ასპექტი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მაშინ, როცა საქმე იმპორტირებულ პროდუქციას ეხება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების გაძვირება, სანაოსნო ტარიფების ზრდა ან სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილება პირდაპირ და უშუალოდ აისახება ტრანსპორტირების ხარჯებზე, რაც საბოლოოდ პროდუქციის საცალო ფასს ზრდის. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ,,ლეგის’’ შემთხვევაში ეს რისკები მინიმუმამდე მცირდება, რადგან ჩვენს საწარმოში იმპორტირებული მხოლოდ პიგმენტია.
ზოგადად კი გარდა სავალუტო რისკებისა, ტრანსპორტირების ხარჯებზე გავლენას ახდენს სეზონური ფაქტორებიც. მაგალითად, ზამთრის პერიოდში გზების მდგომარეობა შეიძლება გართულდეს, რაც ხშირ შემთხვევაში ასევე ზრდის მიწოდების ვადებსა და ხარჯებს.
ამიტომ, რეკომენდებულია გაარკვიოთ, თუ რამდენად სტაბილურია მომწოდებლის ლოგისტიკური ქსელი და როგორ უმკლავდება ის გაუთვალისწინებელ გარემოებებს. ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებლებს გარკვეული პერიოდით ფასის ფიქსაციის შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მყიდველს კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკებისგან იცავს.
ტრანსპორტირების ხარჯები შედარებით ნაკლებია ადგილობრივი წარმოების ეზოს ფილების შემთხვევაში, თუმცა, მაინც გასათვალისწინებელია სამშენებლო ობიექტის მდებარეობა. ყიდვამდე აუცილებლად წინასწარ დაზუსტეთ, რა დამატებითი ხარჯები შეიძლება წარმოიშვას პროდუქციის ადგილზე მიტანის პროცესში.
წარმოების პროცესი სხვადასხვა სეზონზე
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ წარმოების პროცესი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა თითოეულ სეზონს თავისი სპეციფიკა და გამოწვევები მაინც ახასიათებს. მოთხოვნის ცვალებადობა, ბაზრის დინამიკა და კლიმატური პირობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც წარმოების ინტენსივობაზე, ასევე მარკეტინგულ სტრატეგიებზე.
ზამთარი
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მოთხოვნა შედარებით მცირდება, წარმოება საქართველოში არ ჩერდება. კომპანიები, მათ შორის ,,ლეგი’’, მუშაობას ჩვეული ტემპით აგრძელებენ. ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები იმისთვის, რომ გამოჩნდნენ მსხვილი კლიენტები, რომლებიც ეზოს ფილას თუნდაც შემდეგი სეზონისთვის შეიძენენ.
საგულისხმოა, რომ ზამთარშიც ჩვეულებრივად მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ კლიენტებთან, იგეგმება შეკვეთები გაზაფხულისთვის. კომპანიები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს შესაძლებლობას, რომ შეისყიდონ სასურველი პროდუქცია ზამთარში და გაიტანონ ის გაზაფხულზე.
გაზაფხული და ზაფხული
აქტიური სამშენებლო სეზონი გაზაფხული-ზაფხულიდან იწყება და შესაბამისად, ეზოს ფილებზე მოთხოვნაც ამ დროს ყველაზე მეტად იზრდება. წარმოების პროცესი მაქსიმალურად დატვირთულია, თუმცა ფასები მაინც უცვლელი რჩება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბევრ კლიენტს, რომელმაც შესყიდვა ზამთარში დაგეგმა, ეზოს ფილები საწარმოდან სწორედ ამ პერიოდში გააქვს.
შემოდგომა
შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სეზონის ბოლოსკენ მოთხოვნა თანდათან იკლებს. მიუხედავად ამისა, მწარმოებლები პროდუქციის წარმოებასა და მარაგების შევსებას აგრძელებენ. ამ პერიოდში ხშირად იგეგმება მომავალი წლის სტრატეგია და იწყება მსჯელობა არსებული პროდუქციის განახლების თაობაზეც.
ეზოს ფილები – ყიდვამდე გასათვალისწინებელი ფაქტორები საუკეთესო შეთავაზების მისაღებად
ეზოს ფილების შეძენა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფასები უმეტესად სტაბილურია, მაინც არსებობს ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც თანხების დაზოგვაში დაგეხმარებათ.
წინასწარი კვლევა და ფასების შედარება
შეადარეთ სხვადასხვა მწარმოებლის შეთავაზებები. მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო ხარჯები თითქმის ყველასთვის მსგავსია, კომპანიები შეიძლება განსხვავდებოდნენ ფასდანამატით, მარკეტინგული სტრატეგიებითა და დამატებითი მომსახურებებით.
დაგეგმეთ წინასწარ
თუ ეზოს ფილების ყიდვა გაზაფხულზე ან ზაფხულში გაქვთ გადაწყვეტილი, იქნებ უკეთესი იყოს, თუ მოლაპარაკებებს ზამთარში დაიწყებთ? რადგან ამ პერიოდში კომპანიები შედარებით ნაკლებად დატვირთულები არიან და არ არის გამორიცხული, რომ თქვენთვის უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები შემოგთავაზონ.
იყავით ინფორმირებული ბაზრის ტენდენციების შესახებ
სამშენებლო მასალების ინდუსტრია მჭიდროდ არის დაკავშირებული გლობალურ ეკონომიკურ პროცესებთან და ნედლეულის ფასების ცვალებადობასთან. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთი კომპონენტების ღირებულებას, როგორიცაა: ცემენტი, ქვიშა, პიგმენტები და სხვა დანამატები, რომლებიც პირდაპირ ახდენს გავლენას ეზოს ფილების საბოლოო ფასზე.
თუ ნედლეულის ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, სასურველია დააჩქაროთ შესყიდვის პროცესი. ამ შემთხვევაში, თუნდაც წინასწარი გადახდითა და მოგვიანებით მიწოდებით, მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვას შეძლებთ.
ასევე, მნიშვნელოვანია გაეცნოთ სამშენებლო სექტორის ექსპერტების პროგნოზებს და პერიოდულად გადაამოწმოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმწოდებლებთან. ზოგიერთ შემთხვევაში, მწარმოებლები წინასწარ აფრთხილებენ მომხმარებლებს ფასების მოსალოდნელი ცვლილების შესახებ – ეს შესაძლებლობას მოგცემთ გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ.
ეზოს ფილები – ყიდვამდე ჩასატარებელი კვლევის მნიშვნელობა
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების დეტალური განხივლის შემდეგ, აშკარაა, რომ საქართველოში ეზოს ფილების ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს არა იმდენად სეზონური ფაქტორები, რამდენადაც ეკონომიკური მდგომარეობა, ნედლეულის ღირებულების ცვლილება და წარმოების ხარჯების დინამიკა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესყიდვის სტრატეგიის შემუშავებისას რეკომენდებულია, ყურადღება გაამახვილოთ არა მხოლოდ წლის რომელიმე კონკრეტულ პერიოდზე, არამედ ზოგადად ბაზრის კონიუნქტურაზე. გონივრული იქნება, თუ რეგულარულად თვალს ადევნებთ ეკონომიკურ ინდიკატორებს, რომლებიც ფასების მოსალოდნელ ცვლილებებზე შეიძლება წინასწარ მიანიშნებდეს.
ასევე, გასათვალისწინებელია მწარმოებლების მარკეტინგული აქტივობები. გახსოვდეთ, რომ წლის გარკვეულ პერიოდებში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინება. მაღალი ხარისხის ეზოს ფილები ხშირად უფრო დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ გამძლეობის, ესთეტიკური მიმზიდველობისა და მოვლის დაბალი ხარჯების გამო, საბოლოოდ შეიძლება გაცილებით უფრო რენტაბელური აღმოჩნდეს. ამიტომ, ეზოს ფილები ფასის მხრივ მხოლოდ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით შეაფასეთ.
საბოლოოდ კი გახსოვდეთ, რომ ეზოს ფილების შეძენის საუკეთესო დრო არის მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებული შეთავაზებების შესახებ საფუძვლიანი კვლევა გაქვთ ჩატარებული და შესაბამისად, მზად ხართ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება პროდუქციის ხარისხის, ფასისა და მწარმოებლის რეპუტაციის გათვალისწინებით.
