სარჩევი
კარგად მოვლილი ეზო ხშირად ნებისმიერი სივრცის ექსტერიერისთვის მომხიბვლელობის მთავარი გარანტია. მით უფრო მაშინ, როცა გარემოს ამშვენებს გემოვნებით შერჩეული ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები, რომლებიც გამძლეობისა და ესთეტიკური მიმზიდველობის გამო, დღესდღეობით საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ამ მხრივ ელემენტარულმა ჩარევამაც კი, შესაძლებელია გარე მოსასვენებელი სივრცე სწრაფად გარდაქმნას ისეთ ადგილად, სადაც შეძლებთ როგორც პატარა და დასამახსოვრებელი წვეულებების მოწყობას, ასევე ჩვეულებრივ დღეებში დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გატარებას.
რატომ არის ეზოს ფილა ასეთი მოთხოვნადი?
დროსთან ერთად ეზოს ფილები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ადვილი გასაგებია – რატომ. თუ ვიტყვით, რომ უძრავი ქონების მეპატრონეები მათზე არჩევანს რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო აკეთებენ, ამ მიზეზთა ჩამონათვალში მოწინავე ადგილას აუცილებლად იქნება – ეზოს ესთეტიკური იერსახე. ეზოში დასაგები ფილები კი თავისთავად იმდენად მრავალმხრივი კომბინაციით გვხვდება, რომ ეს დიზაინზე მუშაობის პროცესში უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს ისეთ გამძლე მასალასთან, როგორიც ბეტონია. მათი მოთხოვნადობის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი – სხვადასხვა გარე სივრცესთან მარტივად შერწყმის უნარია – არ აქვს მნიშვნელობა ეზოს ბილიკი იქნება ეს თუ მაგალითად, აუზის მიმდებარე ტერიტორია- იგი ყველგან სტაბილური და მყარი ზედაპირის გარანტიას იძლევა და ექსტერიერის ერთიან ანსამბლშიც იდეალურად ჯდება.
როგორი ვიზუალი გინდათ რომ ჰქონდეს თქვენს ეზოს – თანამედროვე თუ ძველებური? მინიმალისტური თუ დეკორებითა და ფერებით გადატვირთული? – არჩევანი თქვენზეა, თუმცა, სასურველი და რაც მთავარია, გრძელვადიანი შედეგისთვის, ,,ლეგი’’ გირჩევთ:

ბეტონის ფილები – უპირატესობები და ფართო არჩევანი
როგორც წესი, ფილების შერჩევისას მომხმარებლების უმეტესობის მთავარი მოთხოვნა – გამძლეობაა, რათა გაღებული ფინანსური ძალისხმევა რაც შეიძლება დიდხნიან შედეგზე იყოს ორიენტირებული. ამ კრიტერიუმს კი ლეგის მიერ წარმოებული ბეტონის მოსაპირკეთებელი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს. ბეტონის ფილები, რომლებსაც ლეგიში შეიძენთ დამზადებულია ადგილობრივი ინერტული მასალით, არ ზიანდება მარტივად, არის სხვადასხვა ზომის, ფორმატის, ფერის და რაც ყველაზე მთავარია, გათვლილია თითქმის ყველა საფასო კატეგორიაზე.
თუმცა, რამდენად გამძლე და ელეგანტური შესახედაობისაც არ უნდა იყოს ეზოს ფილა, სათანადო მოვლის გარეშე იგი წლებთან ერთად აუცილებლად დაკარგავს პირვანდელ მიმზიდველობას. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, უარყოფით გავლენას იქონიებს ფილებზე ფეხით ან მანქანით გადაადგილება, არარეგულარული წმენდა კი გააჩენს ლაქებს, ხავსს და ზოგ შემთხვევაში წყალმცენარეებსაც. ამიტომაც, ესთეტიკური იერსახის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, ,,ლეგი’’ გთავაზობთ რჩევების სრულ გზამკვლევს, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ახლად დაგებული ფილების მოვლის პროცესს.
ძირითადი რეკომენდაციები
ზოგადი რჩევებისა და ძირითადი რეკომენდაციების ჩამონათვალი, როგორც წესი, ფილების რეგულარული წმენდისკენ მოწოდებით იწყება. ეს არის ყველაზე მინიმალური, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესი იმისთვის, რომ მათი თავდაპირველი ბზინვარება რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს.
რეგულარული წმენდისას ეფექტური შედეგისთვის ლეგის სპეციალისტები გირჩევენ, რომ გამოიყენოთ ცხელი წყალი, სარეცხი საშუალება და ხისტი ჯაგრისი. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ კერხერი, თუმცა, ამ მხრივ სიფრთხილე გმართებთ, რათა წყლის ჭავლის პირდაპირი მიმართვით ზედაპირი არ დააზიანოთ. წმენდის ეს მეთოდი რეკომენდებულია ჭუჭყის, ნარჩენებისა და ფოთლების მოსაშორებლად.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უბრალო ფოთლებმა თქვენი ეზოს ზედაპირს შესაძლოა გამოუსწორებელი კვალი დაატყოს და გაჩნდეს ლაქები, რომლებსაც მხოლოდ ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებით ვეღარ გაუმკლავდებით.
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფილებზე ჟანგის ან ზეთის ლაქები გაჩნდა?
რეგულარული წმენდა ამცირებს სხვადასხვა ტიპის ლაქების წარმოშობის ალბათობასაც. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა საწვავის ლაქა სწრაფად აღწევს ბეტონის მოსაპირკეთებელი პროდუქციის ზედაპირზე და მყისიერი რეაგირების არარსებობის შემთხვევაში ფილის შეცვლაც კი ხდება საჭირო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ლაქის შემჩნევისთანავე, მოიმარჯვოთ ქაღალდის პირსახოცი ან სხვა ნებისმიერი რამ, რაც ზეთს სწრაფად შეიწოვს და ამ გზით ეცადოთ ლაქის ამოყვანას. თუ თქვენთვის სასურველი შედეგი არ დადგა, ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება.
ბევრად რთულია ჟანგისგან წარმოქმნილი ლაქების მოშორება – იმის გამო, რომ ამისთვის ქიმიური საწმენდი საშუალებები არ გამოიყენება, სპეციალისტები ალტერნატივად ორ ვარიანტს მოიაზრებენ. თქვენზეა დამოკიდებული წმენდისთვის ლიმონის წვენს აირჩევთ თუ ძმარს, თუმცა, ჩვენ აქვე ორივე მეთოდს განვიხილავთ.
ლიმონის წვენის შემთხვევაში სითხე უნდა დაასხათ პირდაპირ ლაქაზე და დააყოვნოთ დაახლოებით 5 წუთი. ამის შემდეგ იღებთ ფუნჯს და ამუშავებთ დაზიანებულ ზედაპირს. ამ პროცედურას აკეთებთ იქამდე, ვიდრე ლაქა სრულად არ ამოვა ფილიდან. რაც შეეხება ძმარს – ძირითადი პრინციპი აქაც ზუსტად იგივეა. იგი უნდა დაასხათ წინასწარ განსაზღვრულ მოპირკეთებულ ზედაპირს და დაამუშავოთ ჯაგრისით. ორივე შემთხვევაში ბოლოს არ უნდა დაგავიწყდეთ, ტერიტორიის წყლით გადარეცხვა.
განსხვავდება თუ არა ფილების მოვლის პროცესი სეზონების მიხედვით?
ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები ძირითადად ერთი მეთოდით იწმინდება, თუმცა, იმის მიხედვით – წელიწადის რომელი დროა, მცირე განსხვავებები მაინც არსებობს. მაგალითად, შედარებით სპეციფიკური მიდგომაა საჭირო ზამთარში, როცა შესაძლოა საჭირო გახდეს ყინულის საწინააღმდეგო მარილები. ინფორმაციისთვის, ყველაზე ეფექტური და მარტივად ხელმისაწვდომია თეთრი კლდის მარილი. ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენების შემდეგ ის ზედაპირზე უმნიშვნელო თეთრ ლაქას ტოვებს, რომელიც წყლით მარტივად ირეცხება.
რადგანაც ზამთრის მკაცრი პირობები თავის კვალს ასე თუ ისე მაინც ტოვებს, გაზაფხული საუკეთესო დროა ფილების საფუძვლიანი და ღრმა წმენდისთვის. თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილმა ტენიანობამ შესაძლებელია გარკვეულწილად დაასუსტოს მათი ზედაპირი, ამიტომ, ყურადღებით უნდა შეამოწმოთ – ყინვის შედეგად ხომ არ გაჩნდა თეთრი ლაქები, ე.წ. მარილები და სხვა დაზიანებები, რათა ზაფხულის გაუსაძლის სიცხეებს მეტად მომზადებული შეხვდეთ.
რაც შეეხება ზაფხულს – თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წლის ამ პერიოდში ხშირია გარე სივრცეში შეკრებები, ვახშმობა ან აუზზე ნებივრობა – იზრდება იმის რისკიც, რომ ეზოში დაგებულ ფილებზე გაჩნდეს გამაგრილებელი სასმელების კვალი, რომელიც ზედაპირს ლაქის სახით ეტყობა. თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსავალი ისევ და ისევ ცხელი წყალი და ჯაგრისი.
დაბოლოს – შემოდგომისთვის დამახასიათებელი გადაუღებელი წვიმის წყლის ფოთლებთან, ჭუჭყთან და ორგანულ ნარჩენებთან შერევამ, შესაძლოა ფილებს თავისი კვალი დაატყოს, ამიტომ, წლის ამ დროს ორმაგად მნიშვნელოვანია, უხვად დაგროვებული ფოთლებისგან ეზო კაპიტალურად გასუფთავდეს. ამასთან ერთად, თუ ფილებზე ხავსს, ლექს ან წყალმცენარეებს აღმოაჩენთ, გამოიყენეთ ისევ და ისევ ცხელი წყალი, სარეცხი საშუალებასთან ერთად.
გახსოვდეთ, რომ ამინდის მკვეთრმა ცვალებადობამ (რაც შემოდგომისთვის უცხო ნამდვილად არ არის) შესაძლოა ფილებზე თეთრი ლაქები ე.წ. მარილებიც გააჩინოს, რომლებიც თქვენი ჩარევისგან დამოუკიდებლად, პერიოდულად წვიმის წყლით მარტივად გადაირეცხება.
სისტემატური მოვლა = ხანგრძლივი შედეგი
სპეციალისტები დაბეჯითებით ამბობენ, რომ ფილების დაგების შემდეგ მიღებულმა შედეგმა დროს რომ გაუძლოს – თითქმის რუტინად ქცეული სისტემატურობაა საჭირო. რეგულარული წმენდა, საჭირო მასალებისა და ტექნიკის სწორად გამოყენებასთან ერთად, დიდხანს შეუნარჩუნებს თქვენს ეზოს სასურველ იერსახეს. აქვე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც ფილების სეზონურ მოვლასთან არის კავშირში. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ კი, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მოსაპირკეთებელი ფილები სიმტკიცეს და რაც მთავარია, პირვანდელ ელვარებას საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნებს. შესაბამისად, თქვენი გარე სივრცეც წელიწადის ნებისმიერ დროს – ოჯახისა და მეგობრების თავშეყრისთვის საუკეთესო ადგილი იქნება.